სკანდინავიური სტილი
სკანდინავიური სტილის ინტერიერის დიზაინში შეხვდებით ნაზ კონტურებს და ფერების სასიამოვნო შეხამებას, სადაც ჭარბობს თეთრი, ნაცრისფერი და ბეჟი პასტელური ტონები. დაცულია ხელოვნური და ორგანული მასალების ბალანსი. სკანდინავიური სტილის ინტერიერის დიზაინი გამოირჩევა სიმარტივით და ძირითად ფოკუსს მოქნილ ხაზებსა და ელეგანტურობაზე აკეთებს. ამ სტილის არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინში ხშირად იყენებენ ბაუჰაუსის დიზაინის პრინციპებს.
მახასიათებლები:
- უბრალოება, მინიმალიზმი და პრაქტიკულობა – ესაა სკანდინავიური ესთეტიკის სამი მთავარი პრინციპი. სწორედ ამ სტილმა შეძლო მიმზიდველი გაეხადა და ერთმანეთთან შეეხამებინა უბრალოება, პრაქტიკულობა, ხელმისაწვდომობა და ელეგანტურობაც კი.
- გარემოს გავლენა და ბუნების სიყვარული სკანდინავიური დიზაინისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია, რამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა მის ჩამოყალიბებაშიც.
- სკანდინავიურ დიზაინში ჭარბობს ხის მასალები და დეკორატიული ელემენტები. ყველაზე გავრცელებული მასალა სწორედ ხეა, რომელიც ძირითადად ავეჯის და იატაკის მოპირკეთებისას გამოიყენება.
- სივრცის გასახალისებლად და გასანათებლად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის, ინტერიერს მორგებული, მცენარეები.
ბუნებრივი მასალების გამოყენება სკანდინავიური სტილის შესაქმნელად:
- სკანდინავიურ სტილში ძირითად მასალებს მეტალი და ხე წარმოადგენს, რაც მოიცავს ყველაფერს პრიალა იატაკის ფიცრებიდან დიდ დეკორატიულ მორებამდე.
- ხის სკამები და ღია ფერის ხის იატაკი თეთრი მინიმალისტური სათავსოების ფონზე ერთგვარ ვიზუალურ კონტრასტს ქმნის. შეგიძლიათ ერთმანეთს შეუხამოთ ვინტაჟური ნივთები და მოდერნისტული ავეჯი. ქსოვილების დიდი რაოდენობით გამოყენება ოთახს მყუდროებასა და სითბოსაც შემატებს.
- ხის გარდა, სკანდინავიურ დიზაინში შუშა და კერამიკაც ფართოდ გამოიყენება. მნიშვნელოვანია, რომ მათ არა მხოლოდ დეკორის, არამედ რაიმე სხვა დანიშნულებაც ჰქონდეთ – სკანდინავიური დიზაინის ერთ-ერთი პრინციპი ხომ ფუნქციონალურობაა.
დეტალების კარგად გამოსაკვეთად, სინათლისთვისა და უბრალოებისთვის, კედლები ძირითადად თეთრი ან ნაცრისფერია. ნახატებს და თეთრი ჩარჩოს მქონე ფოტოებს იყენებენ სივრცის გამოსაცოცხლებლად და მყუდრო ატმოსფეროს შესაქმნელად, რაც კომფორტულია როგორც მაცხოვრებლებისთვის ისე სტუმრებისთვისაც.